ვიმყოფებოდი მძიმე პირობებში, ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა – ერიკ დრულევი

0
100

ერიკ დრულევის განცხადებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ იყო დაკავებული, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მძიმე პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ჩემი დაკავება მოხდა საზღვრის გადაკვეთის მომენტში, ვლადიკავკაზთან. ვიყავი მძიმე პირობებში. დაკავების შემდეგ ცხინვალში ვიმყოფებოდი. საკანში მარტო ვიყავი და ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა“, – განაცხადა ერიკ დრულევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოხერხდა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ როკის გვირაბთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი თავისუფალია. იგი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ერიკ დრულევი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.