ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს – თეა ახვლედიანი

0
72

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების დაკავება კვლავ გამოწვევაა, როლის მოსაგვარებლად ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს.

„უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.