ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის გადასაცემად – რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

0
142

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ალექსეი მელნიკოვი აცხადებს, რომ ახალმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული, არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა.

„2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. რა არის მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ეს „სახელმწიფოები“ თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა. ამავდროულად, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი – მოლდოვასთვის გადასაცემად“ – წერს მელნიკოვი.

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში რუსი პოლიტიკოსის ამ განცხადებას მოსახლეობის ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ​დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, ნამდვილად არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე.