აღტაცებულნი ვართ ქმედებებით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში – ლიეტუვის ელჩი

0
254

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ლიეტუვის ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია, სადაც ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო აღჭურვილობა ინახება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 700 კგ-მდე ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ლიეტუვის მთავრობამ საქართველოს COVID-19-თან წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადასცა, თბილისში 14 მაისს, ლიეტუვის სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით ჩამოვიდა.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ელჩს და მთავრობას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. ამ ფაქტს ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მიმართ, იმისთვის, რომ ლიეტუვა მუდამ ჩვენს გვერდით დგას, განსაკუთრებით ვირუსთან ბრძოლის ასეთ რთულ პერიოდში, ლიეტუვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მეგობრობა ამ კეთილი, მეგობრული ჟესტით“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

თავის მხრივ, ლიეტუვის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ეფექტიანი ქმედებები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვის მეგობრობის მნიშვნელობას.

„დღეს მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, დავხმარებოდით ჩვენს ქართველ მეგობრებს. სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით მოხდა ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა საქართველოში, რომელიც მოიცავს ლიეტუვაში დამზადებულ სახის დამცავ ფარებს, ტვირთი გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

აღნიშნული ჰუმანიტარული სახის ტვირთი დაეხმარება საქართველოს Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,რომელიც უდიდესი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის.

მჯერა, რომ ერთად ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რეჟიმს.

ჩვენს ქართველ მეგობრებს ჯანმრთელობას და ვითარების სწრაფ გაუმჯობესებას ვუსურვებთ, აღტაცებულნი ვართ იმ ქმედებებით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში.

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მიხარია,რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, ლიეტუვაში საქართველოს საელჩო განაგრძობს მუშაობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით.

„საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევის შედეგად, აღნიშნული თვითმფრინავით ასევე მოხდა საქართველოს 10 მოქალაქის სამშობლოში გამომგზავრება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეისით ასევე ისარგებლეს ლატვიაში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირება სხვადასხვა ქალაქებიდან აეროპორტამდე, ლიეტუვაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.