„აფხაზეთი: უშიშროების საბჭო საქართველოსთან ვაჭრობის მომხრეა, ვეტერანები კი წინააღმდეგნი“

0
197

აშშ-ის რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის – რადიო „ეხო კავკაზას“ («Эхо Кавказа») ეთერში გადაიცა სიუჟეტი სათაურით „აფხაზეთი: უშიშროების საბჭო საქართველოსთან ვაჭრობის მომხრეა, ვეტერანები კი წინააღმდეგნი“, რომელშიც განხილულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის სერგეი შამბას წინადადება – როგორ შეიძლება განვითარდეს აფხაზეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას წინადადებით, კონტრაბანდასთან საბრძოლველად საჭიროა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დაკანონდეს, მაგრამ მისი წინააღმდეგია ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“ და თვლის, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

აფხაზეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ მხარი დაუჭირა  საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზებას, რომელიც უკვე სამი ათეული წელია დე -ფაქტოდ არსებობს:

„მოდით იქ შესაბამისი სამსახურები დავაყენოთ, დავაკანონოთ ეს პროცესი. იმიტომ რომ წლების მანძილზე იმ ყველაფრიდან, რაც კი საქართველოსთან საზღვრის გავლით შემოდის (მე საქონელი მაქვს მხედველობაში), სახელმწიფო ხაზინაში კი არ ხვდება, არამედ ცალკეული ადამიანების ჯიბეში, რომლებისთვისაც ასეთი რეჟიმი მომგებიანია. პირველ რიგში სწორედ ისინი გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს საზღვარზე ვაჭრობის რეჟიმი ლეგალური გახდეს. ეს ახლაც კი ხდება, როცა ასეთი სიტუაციაა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, როცა საზღვარი, ფაქტიურად, დახურულია, მაგრამ ჩვენს ბაზარზე საქონელი, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტები, მაინც შემოდის და ეს ყველაფერი სრულიად აშკარაა, რომ  ჩვენთან საქართველოდან ხვდება. ამ შემთხვევაში ერტადერთი გამოსავალი ისაა, რომ ეს ვაჭრობა დაკანონებული იქნას. მინდა, რომ ამაზე მოსახლეობაც დაფიქრდეს. მაგრამ რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? იმიტომ, რომ თვითონ ისინი არიან დაინტერესებულები, [ფული] ხაზინაში არ შევიდეს“.

სერგეი შამბას ნათქვამზე რეაგირება ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“ მოახდინა. ვეტერანები იმოწმებენ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის 2009 წლის განკარგულებას „საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ“, რომელიც დღესაც ძალაშია და, შესაბამისად, მისი გაუქმების წინააღმდეგნი არიან.

„არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულია თვლის, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელიამანამ, სანამ თბილისი აფხაზეთს თავის ადმინისტრაციულ ერთეულად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს:

„მტრულად განწყობილ საქართველოსთან ჩვენ არანაირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს – იმიტომ, რომ ჩვენ დოკუმენტიც კი არ გვაქვს ომის არგანახლების შესახებ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ტავიანთ განცხადებებში ღიად ამბობენ იმას, რომ ჩვენ, აფხაზები, თურმე ხალხი კი არ ვართ, არამედ რაღაც პატარა თემი, საზოგადოება. ისინი ჩვენ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად გვთვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიად. ვთქვათ და ვაჭრობა დაკანონდა. როგორი იქნება ტვირთების მარკირება? მათ ხომ ოფიციალური საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ და ბაჟი უნდა იქნეს გადახდილი? როგორი ბეჭედი დაესმება დოკუმენტებს? ისინი [ქართველები] ხომ არ დათანხმდებიან იმას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში შედიან? მათ დოკუმენტებში ჩაწერილი იქნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ ან „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“, ჩვენს დოკუმენტებში კი – „საქართველოს სახელმწიფო“ და „აფხაზეთის სახელმწიფო“. განა ასე შეიძლება საერთოდ? ჩემთვის ეს გაუგებარია“.

თემურ გულია დარწმუნებულია, რომ კონტრაბანდის ლეგალიზება კი არ უნდა მოხდეს, არამედ მას შესაბამისი სტრუქტურები უნდა ებრძოლონ:

„თუ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები კონტრაბანდას ვერ უმკლავდებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრაბანდა ლეგალიზებული უნდა იქნეს. უცნაურად მეჩვენება, როცა უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან ასეთ ლაპარაკს ვისმენთ: „ჩვენ არ შეგვიძლია კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ მისი ლეგალიზება მოვახდინოთ“. თუ თქვენ მასთან გამკლავების თავი არ გაქვთ, მაშინ რა გარანტიაა, რომ ლეგალიზების შემდეგ კონტრაბანდა შეწყდება? თუ სამართალდამცველი სტრუქტურები, მესაზღვრეებისა და მებაჟეების სახით, ხელისუფლების მიერ დასახულ ამ ამოცანას ვერ ასრულებენ, მაშინ, ბოდიში და ეს სახელმწიფოს, ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს“.

„სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ამოცანააა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგომა“, – ამბობს ვეტერანი.

„არუაას“ წარმომადგენლებს განზრახული აქვთ მოითხოვონ უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების საკითხის ლობირებას არ შეწყვეტს.