არ დაფიქსირებულა რამე სერიოზული გადაცდომა, რომელიც კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო – თენგიზ ცერცვაძე

0
146

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მოიმატა.

მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების გარკვეული მატებისა, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე მცირე გარდაცვლილი ჰყავს.

„რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდას, ამასთან დაკავშირებით მინდა, სწორი ინტერპრეტაცია გაკეთდეს. არის ინტერპრეტაცია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა. ეს კომენტარები სიმართლეს აბსოლუტურად არის აცდენილი. მინდა, გითხრათ, რომ სიკვდილობის მაქსიმუმი, რაც საქართველოში დაფიქსირდა, იყო შვიდი შემთხვევა. ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მოიმატა, რაც საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს. საქართველოში გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი გვაქვს. მაგრამ, ვინაიდან გამოჩნდა ტენდენცია კორონავირუსის შემთხვევების მატების, მათ შორის გარდაცვალების ერთეული მატების, სამინისტრომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და სწორედ ამას უპასუხა დღევანდელი შეხვედრით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის მიერ რეანიმატოლოგების ჯგუფთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით კოვიდკლინიკების მართვის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, როგორ გავაუმჯობესოთ მართვა კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით იმ კოვიდკლინიკებში, რომლებიც პროგრამაში ახლა ჩაერთო“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ასევე, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის მის ხელთ არსებული მონაცემებით, არ დაფიქსირებულა რამე სერიოზული შეცდომები ან გადაცდომები, რომლებიც შეიძლებოდა კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

„სადღეისოდ, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, რამე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ თუ თქვენ კითხვას ასე სვამთ, კატეგიურლად ვერ გამოვრიცხავ და ოთხი, თუ ხუთი ოპერატიული ჯგუფი სწორედ იმიტომ იქნება, რომ ადგილზე შეაფასოს ეს სიტუაცი, ყველა შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი გარდაუვალი იყო და მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ღმერთიც ვერ გადაარჩენდა, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა და შეიძლება რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო, ვთქვათ პაციენტი გადარჩენილიყო. ამაზე პასუხი გვექნება ერთ კვირაში, ათ დღეში, რისი კორექციაც საჭირო იქნება, ყველაფერი დაკორექტირდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.