ალექსეი ნავალნის მეუღლე კვლავ დააკავეს

0
115

მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია კვლავ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

დღეს რუსეთის ათობით ქალაქში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ათასზე მეტი დემონსტრანტი.

იულია ნავალნაია პირველად 23 იანვარს, მეუღლის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისას დააკავეს.

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს,ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით “შერემეტიევოს” აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.